ცხრა წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს თბილისში წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა ორი ადამიანი. დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. სტიქიური უბედურების ეპიცენტრად სვანიძის ქუჩა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა იქცა. რამდენიმე მოქალაქე ადიდებულმა ვერემ მანქანებიანად წაიღო. მაშინ ცხრა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა ერთდროულად განვითარდა. მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი. მნიშვნელოვნად დაზიანდა დედაქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს გზა და ახალდაბა-წყნეთის მონაკვეთი.