მაშინ, როდესაც საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივი მილსადენების პერსპექტივაზე მსჯელობენ, აშშ-ი რუსეთს ახალი რუსული მილსადენის გამო მორიგი სანქციებით ემუქრება.
მოსკოვის შესაკავებლად და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დასაცავად ამერიკის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ არაერთ შეზღუდვას ითვალისწინებს. ამერიკული სანქციები პროექტში ჩართულ ყველა კომპანიაზე გავრცელდება. საუბარია რუსულ გაზსადენზე, რომლითაც ბუნებრივი აირი ევროპამ უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიიღოს. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ამოქმედება რუსეთზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის, რაც კონტინენტს საფრთხეს შეუქმნის.
მოსალოდნელ ამერიკულ შეზღუდვებს მწვავე რეაქციები მოჰყვა მოსკოვში, რომელიც პროექტის შეჩერებას მაინც არ აპირებს.