ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი გაიფიცა. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ამ წუთებში კომპანიის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ერთხელ უკვე შეხვდნენ კომპანიის ხელმძღვანელებს, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
განცხადებას ავრცელებს „ჯორჯიან მანგანეზიც,“ სადაც აღნიშნულია, რომ მუშათა საერთო საცხოვრებლის 170-მდე თანამშრომელმა სამუშაო ადგილზე გასვლაზე უარი განაცხადა და საკვების ხარისხის გაუმჯობესება მოითხოვა. ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან მოლაპარაკება წუხელვე დაიწყეს და საკითხის მოგვარების პირობა მიიღეს, დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე კი უარი განაცხადეს.
„ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ ჭიათურაში დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია, – აღნიშნულია განცხადებაში.