ჩეხეთი-საქართველო პირველ არხზე

დღეს დიდი სანაკრებო ფეხბურთია – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოლო-მოუცში ერთა ლიგის B პირველი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ვილი სანიოლის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა, რომელშიც 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის იყო ლაშა დვალი, რომელმაც უკრაინასთან ბათუმის შეხვედრა ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა. ჩეხეთის ნაკრებს კი კაპიტანი, „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი ტომას სოუჩეკი და პრაღის „სლავიას“ ფორვარდი, ტომას ჰორი ვერ დაეხმარებიან. მატჩის გამარჯვებული ელიტარულ A დივიზიონში დაწინაურდება. ბოლო ტურამდე ჩეხეთი სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველზეა და საქართველოს ნაკრებს ერთი ქულით ასწრებს. ჩეხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.