ჩაშლილი მოლაპარაკებები და პოლიტიკური შეთანხმების პერსპექტივა

პოლიტიკური დიალოგის უშედეგოდ დასრულების გამო ორივე მხარე პრეზიდენტის შენიშვნას იღებს.

სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას და ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნიდან უთხრა, რომ კომპრომისზე წასვლის გამბედაობა არცერთს აღმოაჩნდა. პრეზიდენტის ეს გზავნილი არ გაკვირვებია მმართველ გუნდს, საპარლამენტო ოპოზიციიდან კი სალომე ზურაბიშვილს შეახსენეს, რომ ევროკავშირის ჩართვამდე კრიზისის დასაძლევად მხარეებს შორის მედიატორობა თავად მას უნდა ეკისრა. მმართველ გუნდს და ოპოზიციას შარლ მიშელის მედიაციით დიალოგის გაგრძელების იმედი არ დაუკარგავს, თუმცა მოლაპარაკებათა მაგიდასთან მისასვლელად ორივეს საკუთარი პირობები აქვს – „ქართული ოცნება“ ოპონენტებს ულტიმატუმებზე უარისკენ მოუწოდებს, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კი ხუთივე პუნქტზე, მათ შორის ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზაზე შეთანხმებას ითხოვს, რაც დანიელსონის დოკუმენტში ნახსენები არ არის. „გირჩი“, რომელიც ოპოზიციის მიდგომას არ იზიარებს და დოკუმენტის ხელმოსაწერადაც მზად იყო, საკუთარ გეგმას კვირას გამოაცხადებს. მანამდე კი საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგშია: ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან ხელისუფლებას დღეს თავშეკავებისკენ, ოპოზიციას კი კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ მოუწოდეს.