ცესკო-მ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა. დოკუმენტი საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია. ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ 11.03%-ი მიიღო და პარლამენტში 19 მანდატი მოიპოვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 10.17%, მანდატების რაოდენობა – 16; „ძლიერი საქართველო” – 8.81%, მანდატების რაოდენობა – 14; „გახარია საქართველოსთვის“ – 7.78%, მანდატების რაოდენობა – 12; „ქართული ოცნება“ – 53.93%, მანდატების რაოდენობა – 89. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში უნდა შეიკრიბოს. პირველ სხდომაზე შეიქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკო-ს მიერ გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე, პარლამენტს მოხსენებას წარუდგენს. სწორედ ამ მოხსენებაზე დაყრდნობით შედგება იმ დეპუტატების სია, რომელთა უფლებამოსილებაც უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ უნდა სცნოს.