ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა – რიტუალი თბილისის დროით 15:54 წუთზე შესრულდა. წმინდა ცეცხლი კულუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა და მთელ ტაძარს გაუნაწილა. მრევლი ტაძარში სანთლების შეკვრით იმყოფებოდა, რომელსაც ასევე სიმბოლური დატვირთვა აქვს. შეკვრაში 33 სანთელია და ის ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებს განასახიერებს. ქრისტიანული სწავლებით წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ამ დღეს ყოველწლიურად ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იკრიბებიან. პილიგრიმებს წმინდა ცეცხლი საკუთარ ქვეყანაში ჩააქვთ და მრევლს უნაწილებენ.

ქრისტეს აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა ჩვენი გადამღები ჯგუფიც – თეო ხუბულავა და ვახო ლეკიაშვილი იერუსალიმიდან.