სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მეწილეები ვაკის პარკის დაანონსებულ რეაბილიტაციას ეხმაურებიან. მათი თქმით, თბილისის მერიიდან მათ არავინ დაკავშირებია და მათთვის უცნობია, თუ რა ბედი ეწევა მათ კუთვნილ ტერიტორიას, სადაც სასტუმრო უნდა აშენებულიყო. მეწილეები ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთი, მშენებლობის ნებართვით 2013 წელს სხვა კომპანიისგან შეიძინეს, თუმცა პროექტის განხორციელება ამ დრომდე ვერ მოახერხეს.
მათი განცხადებით, მერია ადგილზე მშენებლობის ნებართვას არ აძლევს და ალტერნატიული ფართი შესთავაზეს ლისის ტბის მიმდებარედ, ონკოლოგიურ საავადმყოფოსა და დიდ დიღომში, რაც მეწილეებისთვის მიუღებელია. ისინი მერიისგან ითხოვენ პასუხს, რა ბედი ეწევა მათ ნაკვეთსა და პროექტს. მერიაში აცხადებენ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება და შეეცდებიან კომპანიას იგივე ღირებულების ალტერნატიული ქონება შესთავაზონ.