მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა რეზონანსულ საქმეზე სასამართლოს შესაძლოა ჩვენება მისცეს. საქართველოდან 2012 წელს წასული ზაზა ბაქრაძე დისტანციური დაკითხვისთვის მზად არის. ბუტა რობაქიძის საქმეზე კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის აღიარება წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული გამოძიების ოფიციალურ ვერსიას რადიკალურად ცვლის. სატელევიზიო ინტერვიუებში ბაქრაძე პირველად ამბობს, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს რობაქიძეს და მის მეგობრებს ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს. გახმაურებულ საქმეში ბრალდებულს, რომელიც შესაძლოა, მთავარი მოწმეც გახდეს, საქმის სხვა ფიგურანტები პროკურატურასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. თავად ბაქრაძე კი მრავალწლიანი დუმილის მიზეზად შანტაჟს ასახელებს.