ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას – ვკითხულობთ დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით მიიღო. დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება და რაც ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია იქნება. ამასთან, დოკუმენტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
ბულგარეთის მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს, როგორც მნიშვნლოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბულგარეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურ და წარმატებულ მეზობლებს, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით. ამასთან, ბულგარეთი გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე.