„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ ეხმაურება მარკ კლეიტონიც. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის თქმით, კანონის მიღების გამო საქართველოს მიმართ საპასუხო ზომებთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ არჩევნებამდე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ დიდ ბრიტანეთს აქვს უფლება ჰქონდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მსგავსი კანონი, რატომ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიღებას საქართველოში – მარკ კლეიტონმა ბრიტანული კანონის შემუშავების ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში უცხოურ გავლენებს ადევნებს თვალს, ხუთი წლის განმავლობაში მსჯელობის საგანი იყო.