საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე, „ქართულ ოცნებაში“ განცხადება გაკეთდა.
რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კონსენსუსი მიღწეულია – უმრავლესობა და ოპოზიცია კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება ასეთია – მომავალ არჩევნებზე მოქალაქეები 120 დეპუტატს პროპორციული, 30-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ, ბარიერის გადასალახად, მხოლოდ ერთპროცენტიანი მხარდაჭერაა საჭირო, თუმცა, მთავრობის დასაკომპლექტებლად, პარტიას ნდობა 40%-ზე მეტმა ამომრჩეველმა უნდა გამოუცხადოს.
მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე მხარე კმაყოფილია. თუმცა, საბოლოო პასუხისთვის დრო ითხოვეს ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“. რაც შეეხება ცვლილებებს, ინიცირება პარლამენტში მიმდინარე კვირაში, 11 მარტს მოხდება. ასევე, კონსტიტუციური ცვლილებისთვის აუცილებელია სახალხო განხილვის მოწყობაც, რის შემდეგაც პროექტი მსჯელობისა და დამტკიცებისთვის ისევ საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდება.