ბრიფინგი პარტიაში „საქართველოსთვის“

გიორგი გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების თანხვედრასთან დაკავშირებით, დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ გიორგი გახარია ნიკა მელიას დასაკავებლად ოპერაციის ჩატარებისთვის იმ ორ დღეს ითხოვდა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა დააანონსა. მანამდე კი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს. გიორგი ვოლსკის თქმით, ირაკლი კობახიძე დამადასტურებელი ფაქტების თაობაზე უახლოეს პერიოდში კვლავ გააკეთებს განცხადებას, მათ შორის დაფინანსების წყაროებზე.

„ქართულ ოცნებას“ გიორგი გახარიას პარტიაში უპასუხეს და ირაკლი კობახიძის გუშინდელ კომენტარებზე დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყება მოითხოვეს. პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ კობახიძის მტკიცებით, ოთხი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ის უმალავდა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იმ პოლიციელებისა და ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც დღესაც საქართველოს თავდაცვისა და პოლიციის რიგებში მსახურობენ. კახაბერ ქემოკლიძის შეფასებით, ასეთი განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.