ბათუმის საკრებულოს არჩეული დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირწმუნებიან, რომ „ქართული ოცნება“ ზეწოლისა და შანტაჟის გზით საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წევრების გადაბირებას ცდილობს. მათი განცხადებით, ამაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა, დავით რიჟვაძეა ჩართული. განცხადება დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გიორგი კირთაძემ გააკეთა. ის არ საუბრობს კონკრეტულ მაგალითებზე, თუმცა აცხადებს, რომ ფაქტის განმეორების შემთხვევაში, დოკუმენტურ მასალას გამოაქვეყნებს. კირთაძე მოუწოდებს „ლელოსა“ და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, დროულად დაიწყონ მოლაპარაკებები, იმისთვის, რომ მყარი უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში სწრაფად ჩამოყალიბდეს.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათ არავის გადაბირება არ სჭირდებათ. ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ პროცესი გამჭვირვალეა და „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა ყველა პარტიასთან დიალოგს გააგრძელებს.