ამერიკული აუდიტორული კომპანია Pro V&V საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. კომპანიამ დამოუკიდებელი აუდიტორული მომსახურება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ჩაატარა. დეტალებზე ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. ამერიკული კომპანიის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია. Pro V&V-მ დაადგინა, რომ არჩევნების ჩატარების პროცესები და პროცედურები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული. ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემის პირველად დანერგვისთვის, პერსონალი კარგად იყო მომზადებული და სწორად წარმართა პროცესები, რომლებსაც Pro V&V დააკვირდა. ამომრჩევლებს მიეცათ შესაძლებლობა, წარმატებით დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი“, – აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიში ასევე მოიცავს დამოუკიდებელი აუდიტის მე-2 ეტაპის ანალიზს. ანგარიშის თანახმად, „პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა, მესამე შემოწმებამ აჩვენა „ნული“, რაც ნიშნავს, რომ არცერთი ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ნომერი არ დაფიქსირებულა ერთ ჯერზე მეტად, ანუ დუბლირების შემთხვევები არ გამოვლენილა“. ამერიკული კომპანია დასკვნის სახით აქვეყნებს, რომ საიდენტიფიკაციო ნომრის გრაფა წარმოადგენს მთავარ გასაღებს (იდენტიფიკატორს) ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში, მთავარი იდენტიფიკატორი უნიკალურია და მისი დუბლირება ერთი და იმავე ცხრილში შეუძლებელია.