ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სამართლებრივი დავები ფაქტობრივად დასრულებულია – ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ბრიფინგზე კონკრეტული სტატისტიკა წარადგინა და საჩივრების განხილვების პროცესი შეაჯამა. გიორგი სანტურიანის თქმით, ჯამში, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული 1 201 საჩივრიდან 167 ნაწილობრივ ან სრულად დაკმაყოფილდა, 917 კი არ დაკმაყოფილებულა. ამ ეტაპისთვის განხილვაშია მხოლოდ 10 საჩივარი, რომელიც კენჭისყრის შედეგებს არ უკავშირდება. რაც შეეხება სასამართლოში შეტანილ სარჩელებს, ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, პირველი ინსტანციების სასამართლოებში განხილვები დასრულებულია და სააპელაციო სასამართლოში მსჯელობა მხოლოდ ერთ საქმეზე გრძელდება.