2018 წლის 16 მარტს გუდაურში მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა. ე.წ. საძელეს მთაზე საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ, ბრალდება შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მემანქანე-ოპერატორებს წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაბა გუდაურში „საძელეს“ მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა – შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თანამშრომლებმა – ვ.ო.-მ და ლ.წ.-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს.
დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.