26 წლის ყაზახი გოგონას ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული მურად მეირბეკოვი პოლიციამ ყაზახეთში, ნურ სულთანში დააკავა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადების საფუძველზე, მეირბეკოვი მისსავე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით აიყვანეს. მეირბეკოვს პოლიცია ადამიანებით ვაჭრობას ედავება. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქეს ბრალდება 14 მაისს წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მეირბეკოვმა ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ასელ აიტპაევასთან არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი ორჯერ დაამყარა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის, გაუპატიურებისთვის დაუსწრებლად წარედგინა, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე, გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, 7 მაისს, ბრალი წარედგინა ბ.თ.-ს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.