გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პირველად მონაწილეობს „ბოკუზ დორის“ ეროვნულ შესარჩევ კონკურსში. კონკურსი „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში დღეს და ხვალ გაიმართება.
გამარჯვებულ გუნდს რვა შეფ-მზარეულისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს. „ბოკუზ დორი“ 30-წლიანი ისტორიის მქონე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატია, რომელიც ორ წელიწაში ერთხელ სხვადასხვა ქვეყნიდან ახალგაზრდა შეფ-მზარეულებს უყრის თავს. 2019 წელს საქართველო ოფიციალურად გახდა „ბოკუზ დორის“ ოჯახის წევრი.
ეროვნული შესარჩევი კონკურსის მიზანია, გამოავლინოს გამარჯვებული რვა გუნდიდან, რომელიც 2020 წელს ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე ტალინში გაემგზავრება.