ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეს ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის მძაფრი ინტერესით აკვირდებოდა სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობას და დარწმუნებული იყო, რომ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად და დროულად აღსრულდებოდა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე მთავარი პროკურორის გადადგომასაც აფასებს და ამბობს, რომ ეს არის სრულიად ახალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრება „ქართული ოცნების” თაოსნობით განხორციელებული 2012 წლის სახალხო რევოლუციის მთავარი მიზანი იყო.
„მე პირადად ვიცნობ ირაკლი შოთაძეს და დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში.
მჯეროდა და მჯერა, რომ ირაკლი და მისი უწყება ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ყველა დამნაშავეს ადეკვატურად ეგო პასუხი კანონის წინაშე.
სამწუხაროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ გამოძიების სანდოობა დაზარალებულის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ეჭვის ქვეშ დადგა, რასაც მთავარი პროკურორის მხრიდან მყისიერად მოჰყვა უკიდურესად ღირსეული, უმაღლესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული ნაბიჯი”,- წერია განცხადებაში.