ბიძინა ივანიშვილი - ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მეც ისევე შემზარა, როგორც მთელი ქართული საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი - ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მეც ისევე შემზარა, როგორც მთელი ქართული საზოგადოება

ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მეც ისევე შემზარა, როგორც მთელი ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

„თქვენთან ერთად მეც მძაფრი ინტერესით ვაკვირდებოდი სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობას და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად და დროულად აღსრულდებოდა.

მე პირადად ვიცნობ ირაკლი შოთაძეს და დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში. მჯეროდა და მჯერა, რომ ირაკლი და მისი უწყება ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ყველა დამნაშავეს ადეკვატურად ეგო პასუხი კანონის წინაშე“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული,  სამწუხაროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ გამოძიების სანდოობა დაზარალებულის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ეჭვის ქვეშ დადგა.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ამას მთავარი პროკურორის მხრიდან მყისიერად  უკიდურესად ღირსეული, უმაღლესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული ნაბიჯი მოჰყვა.

„ირაკლი შოთაძის გადადგომა არის ის სრულიად ახალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრება იყო „ქართული ოცნების“ თაოსნობით განხორციელებული 2012 წლის სახალხო რევოლუციის მთავარი მიზანი.

კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაზარალებულ ოჯახებს და გამოვთქვა რწმენა, რომ მართლმსაჯულება ყოველ მიზეზ გარეშე აღსრულდება“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც ირაკლი შოთაძის განცხადებაშია აღნიშნული, ის დარწმუნებულია, რომ თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

 

დატოვე კომენტარი