კანონსაწინააღმდეგო დაბრკოლებები გრძელდება Credit Suisse-თან დაკავშირებული იურიდიული პირების უკანონო და დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად აქტივებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის განცხადებაში, რომელშიც საუბარია ბიძინა ივანიშვილის Credit Suisse-ის წინააღმდეგ საქმეებზე მოცემული მომენტისთვის არსებულ მდგომარეობაზე. ლაშა კალანდაძის განცხადებით, შვეიცარიულმა ბანკმა (Julius Baer), რომელშიც გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი Credit Suisse-დან გადატანილი იქნა, უნდა უზრუნველყოს აქტივების მოსარჩელეებისთვის გადაცემა/განაწილება. Julius Baer-მა გაანაწილა აქტივების დაახლოებით ხუთი პროცენტი, დარჩენილი აქტივების (95%) გადაცემის მიმართულებით კი დაბრკოლება შეექმნა. კერძოდ, გადასაცემი აქტივების 95% განთავსებული არის ერთ-ერთ Hedge Fund-ში, რომელსაც, თავის მხრივ, აქტივების უდიდესი ნაწილი გადანაწილებული აქვს ამერიკულ, შედარებით მცირე კი – დასავლეთ ევროპის ფონდებში. Julius Baer-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთხელ მიმართვას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად საკითხის დარეგულირება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, თითქმის ერთი თვეა ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდებში აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას. იმ აქტივების გადაცემას, რომელზეც ფაქტობრივად გადაწყვეტილება მიღებული აქვს სასამართლოს, მათ შორის, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას რეზოლუციის სახით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ 2022 წლის მარტიდან ანუ, როგორც Credit Suisse-ის ტრასტი აღნიშნავდა, „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან“ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს ფაქტობრივად შეზღუდული აქვთ თავიანთი აქტივების გარკვეულ ნაწილზე წვდომა. და ბოლოს, გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და აღსდგება სრულ აქტივებზე წვდომა“, – ნათქვამია განცხადებაში.