ბერი გაბრიელის ქუჩაზე სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა - მოვლენების ქრონოლოგია "მოამბეში" 

ბერი გაბრიელის ქუჩაზე სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე დამატებითი ძალები შეიყვანეს. ისინი, სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან. ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელსაც სპეცოპერაციის ადგილი გადაკეტილი აქვს.

ღამის განმავლობაში ისმოდა სროლის   და აფეთქების ხმა. გვიან ღამით მოქალაქეებს ის კორპუსი დაატოვებინეს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ კი დაცულ პერიმეტრზე სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე მანქანა შევიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი  ადასტურებს, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ტარდება. მათი ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.