პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ალტერნატიული წინადადებების განხილვას ითხოვს. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულად უნდა ჩაითვალოს, თუ იგი გადალახავს 40%-იან ბარიერს, ან თუ მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. საუბარია პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც უბრალო უმრავლესობით სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. „ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა საკრებულოებს უფლებამოსილებების დროული და ეფექტური განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.