ბეირუთში „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი მოკლეს

ლიბანში მომხდარმა თავდასხმამ ისრაელ-ჰამასის ომის მასშტაბების ზრდის საფრთხე შექმნა. მოკლულია „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი და პოლიტიკური ლიდერის მოადგილე. დაიღუპნენ ტერორისტული დაჯგუფების სხვა მეთაურები და წევრებიც. 57 წლის სალეჰ ალ-არური ყველაზე მაღალი რანგის ფიგურაა, რომელიც 7 ოქტომბრის შემდეგ მოკლეს.

ლიბანის ხელისუფლება ისრაელს კონფლიქტში ლიბანის ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს. თუმცა ოფიციალური თელ-ავივი უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმასთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ჰეზბოლა ისრაელს შურისძიებით იმუქრება. საერთაშორისო საზოგადოება საომარი მოქმედებების არეალის გაფართოების საფრთხეზე ალაპარაკდა. შექმნილ მძიმე სიტუაციაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები შეჩერდა.