დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის პირველი სამმხრივი შეხვედრა შესაძლოა, გახდეს მაგალითი, როგორ უნდა განიხილონ რთული საკითხები მსოფლიო ლიდერებმა 

23:56, 18.11.2026

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების პირველი სამმხრივი შეხვედრა შესაძლოა, გახდეს მაგალითი, როგორ უნდა განიხილონ მსოფლიო ლიდერებმა რთული საკითხები.

„მსოფლიოს სამი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოს ლიდერი იკრიბება და ყველაზე რთული საკითხების განხილვისას კომუნიკაციის მაგალითს ქმნის“, – აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, სამმხრივი შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გასტანს, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, მოლაპარაკებები შესაძლოა, დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდეს.

„ლიდერები თავად გადაწყვეტენ, რამდენი დრო დასჭირდებათ… დისკუსია თუ სამივე ლიდერს დააინტერესებს, ალბათ, მათი შეჩერება შეუძლებელი იქნება. ვინ შეძლებს მათ შეჩერებას? პროტოკოლის სამსახურიც კი ვერ შეძლებს ამას“, – აღნიშნა უშაკოვმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა 19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, APEC-ის სამიტის ფარგლებში გაიმართება. ეს იქნება სამი ქვეყნის ლიდერების პირველი ერთობლივი პირისპირ შეხვედრა.

მსგავსი