ნიკოლ ფაშინიანი – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, თუმცა ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არ დაგვისახავს

00:48, 19.11.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, რატომ არ შეუერთდა ქვეყანა ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ დუბლინში მიღებულ დეკლარაციას.

როგორც ფაშინიანმა პარლამენტში, მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროსას აღნიშნა, დოკუმენტში ნატო-ს შესახებ ბევრი მითითება იყო.

აღნიშნული საკითხი დეპუტატმა, ვოლოდია ჰაკობიანმა დააყენა და იკითხა, რატომ არ შეუერთდა სომხეთი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საფრანგეთის ინიციატივით მიღებულ დოკუმენტს.

„ჩვენ ერთი მიზეზის გამო არ შევუერთდით. პარტნიორებს ღიად ვუთხარი, რომ დოკუმენტში ნატო-ზე ძალიან ბევრი მითითება იყო. ჩვენ ვთქვით, რომ, დიახ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყეთ, თუმცა ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება არ მიგვიღია და ასეთი მიზანიც არ დაგვისახავს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, დეკლარაციის სხვა ნაწილები სომხეთისთვის მისაღები და მნიშვნელოვანი იყო. სომხეთის პრემიერის განმარტებით, მთავრობა ერთმანეთისგან განასხვავებს ევროკავშირში გაწევრიანებასა და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში შესვლას.

ცნობისთვის, დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია საფრანგეთის ინიციატივით მიიღეს. მას ხელი 40-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ მოაწერა.

მსგავსი