ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო
ბათუმში იმ დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო, რომლებსაც სახელმწიფო ბინას შემოდგომაზე, ტაბიძის ქუჩაზე მშენებარე 16-სართულიან კორპუსში გადასცემს. მშენებარე სახლში საცხოვრებელს 164 დევნილი და 208 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს.
რეგისტრაციის დაწყების პროცესს ბათუმში დევნილთა და განსახლების მინისტრი გაეცნო. რეგისტრაციის გავლის სურვილი აქვთ იმ დევნილ ოჯახებსაც, რომლებსაც 2006 წელს 7000 დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადასცეს. მათი ნაწილი ირწმუნება, რომ საცხოვრებლის შეძენა იმ პერიოდში გაძვირებული ფასების გამო ვერ მოახერხეს.
სოზარ სუბარის განცხადებით, რეგისტრაციისთვის განაცხადის შეტანის უფლება აქვს ყველას, თუმცა, ბინები მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემა, ვისაც დღემდე არანაირი კომპენსაცია არ მიუღია.