რამ გამოიწვია ბათუმში შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა? – პროკურატურის ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ნებართვის გარეშე, საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა. გამოძიების ცნობითვე, სამუშაოების გეგმა, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კედლების მოშლას მოიცავდა. შედეგად დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც შენობის ნგრევა გამოიწვია და ცხრა ადამიანის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის სიცოცხლე იმსხვერპლა. ნგრევის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინათ. დაკავებულია პირველი სართულის მეპატრონე და სამუშაოების ჩასატარებლად მის მიერ დაქირავებული კიდევ ორი პირი. მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავებიან, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პირველ შეფასებას აკეთებს დაკავებულების ადვოკატი.