ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები ტარდება. ბათუმში საკრებულოს ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ, რუსთავში კი პარლამენტის ერთ მაჟორიტარ დეპუტატს. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს № 12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს რუსთავსა და გარდაბნის ნაწილს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი, №79 საარჩევნო ოლქის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას. ცესკო-ს ინფორმაციით, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 – პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი სამი უბნის და ერთი ე.წ. კოვიდუბნის ჩათვლით. ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგები და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად. ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული მანქანები, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, 14-ივე საარჩევნო უბანზე პირველად გამოიყენება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის № 12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგენს – 139 989 ამომრჩეველს, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი № 79. საარჩევნო ოლქის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულია 20 635 ამომრჩეველი. ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1 590 დამკვირვებელი და ოთხი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი.
საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი. ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები.