პორტუგალიაში, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „ვორლდ თრეველ ევორდსის” დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვა, რომ ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა. ჯილდოზე ბათუმი პირველად იყო წარდგენილი და ტიტულის მოსაპოვებლად მას ისეთ ქალაქებთან უწევდა კონკურენცია, როგორებიცაა სოფია, მატერა, ბაქო, ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარი და დერი.
ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 28 აპრილის ჩათვლით ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორის არის წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო და საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.