ევროკავშირი ასოცირებული ტრიოსთვის ძლიერ და სანდო პარტნიორად დარჩება, – ეს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მთავარი გზავნილი, რომელიც ამჯერად ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ტრიბუნიდან გაჟღერდა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნიდან 12 წლის თავზე, შარლ მიშელი პროგრამის წევრებს მხარდაჭერის პირობას აძლევს და ამავდროულად ახსენებს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან, უკრაინისგან და მოლდოვასგან რეფორმებთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელოდება. ლიდერების დღევანდელ გამოსვლებში განსაკუთრებით აქცენტირებული იყო სასამართლოს და ანტიკორუფციული რეფორმები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სამივე ქვეყანას თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა და სასამართლო რეფორმის კონკრეტული სამიზნე ორიენტირის დანერგვაც კი შესთავაზა. დღის წესრიგში იყო კოვიდ-პანდემიაც. საქართველო, ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირისგან ვირუსთან საბრძოლველად დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს.