შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა.
ჟენევაში ლა გრანჟის ისტორიული ვილა დღეს ისტორიული სამიტის ადგილად იქცა. რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ.
„უთანხმოებების ფონზე პოზიციების დაახლოების მზაობა ვაჩვენეთ“, – ეს კრემლის ლიდერის განცხადებაა შეხვედრის დასრულების შემდეგ, თუმცა პრესკონფერენციის დროს უთანხმოების მთავარ საკითხებზე მისი რიტორიკა უცვლელი იყო. „მინდა, პუტინმა გააცნობიეროს, როგორ ვრეაგირებთ ამერიკისთვის დამაზიანებელ ქმედებებზე“, – ეს ბაიდენის სიტყვებია.
აუდიენცია ორ ქვეყანას შორის მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების ფონზე შედგა. თუ წინა დღეებში ჯერ ნატოს და შემდეგ ამერიკა-ევროკავშირის სამიტებზე მიღებულ დოკუმენტებს და რუსეთის მისამართით გაჟღერებულ მკაცრ მოწოდებებს გავითვალისწინებთ, დღევანდელი შეხვედრა, სავარაუდოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. აუდიენციის დაწყებამდე ევროპარლამენტიდან ჯო ბაიდენის მისამართით იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ კრემლის ლიდერი შესაძლო სანქციებზე გაეფრთხილებინა. დღევანდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა მოსკოვი და ვაშინგტონი ურთიერთობის ნორმალიზებას.
ქეთი ჩოხელი გაგვაცნობს პირველ განცხადებებს.