ჯო ბაიდენს განმარტებების გაკეთება უწევს. აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილ სამუშაო ოფისში აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტები გამოძიების საგანი ხდება.
იუსტიციის სამინისტრო, გამოძიების ფედერალური ბიურო და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სწავლობენ, თუ როგორ აღმოჩნდა გრიფით საიდუმლო ათეულობით მასალა იმ ოფისში, რომელშიც ბაიდენი 2017-20 წლებში მუშაობდა. მასალების შინაარსი უცნობია, ადგილობრივი მედიის ცნობით, დოკუმენტები უცხო ქვეყნებს ეხება. „რესპუბლიკელები“ დარწმუნებულები არიან, რომ ნოემბერში ჩატარებულ კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე საიდუმლო დოკუმენტებზე ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს უკვე ჰქონდათ და ის განზრახ დამალეს. ანალოგიურ სკანდალში ცოტა ხნის წინ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გაეხვა, რომლის რეზიდენციაში ზაფხულში ასევე საიდუმლო ფაილები იპოვეს.