რამდენიმე თვიანი ლოდინის და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ გადაწყვეტილება მიღებულია. თეთრი სახლის დატოვებამდე ორი თვით ადრე ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, რომ შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული რაკეტები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს.
ამ ნებართვას კიევი თვეების განმავლობაში ითხოვდა. უკრაინის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამერიკული რაკეტები უკრაინელ სამხედროებს კურსკის ოლქის დაკავებული ნაწილის შენარჩუნებაში დაეხმარება. მოსკოვისთვის კი შესაბამისი ნებართვის გაცემა წითელი ხაზია. კრემლი დასავლეთს შესაბამისი ზომების მიღებით ემუქრება. ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ეთანხმება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი, თუმცა წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი პოზიცია ისევ არ არსებობს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე ალაპარაკდა. ომის გაფართოების რისკზე საუბრობს ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟიც. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ აისახება ბაიდენის გადაწყვეტილება ბრძოლის ველზე.