„ბადაგონის“ადვოკატი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

კომპანია ბადაგონის გენერალურმა დირექტორმა და თანამშრომლებმა დღეს ზემო ხოდაშნის ქარხანაში პრესკონფერენცია გამართეს.

კომპანიის ხელმძღვანელობამ, საფინანსო – საგამოძიებო სამსახურის შესვლის შესახებ მედიასთან ვრცლად განმარტა და კონკრეტული გვარები დაასახელა.

კომპანიის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ საქმეს მსვლელობა მისი ფინანსთა მინისტრობის დროს მიეცა.

ადვოკატი პრემიერ-მინისტრს საკითხის გარკვევას სთხოვს. მისივე თქმით, ამ პროცესებში ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის ინტერესები იკვეთება.

ბადაგონის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა დავით ბეჟუაშვილის ადვოკატი, რომელიც ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია ბადაგონში ყოფილი მოწილის, ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადების საფუძველზე გუშინ შევიდა. მოსარჩელე კუთვნილი წილის დაბრუნებას ითხოვს. კომპანიის დღევანდელი მენეჯმენტი კი პროცესების უკან ყოფილი მაღალჩინოსნების, დავით ბეჟუაშვილისა და კახა დამენიას ინტერესებს ხედავს.