საქართველოს ტერიტორიიდან, აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რუსეთსა და ბელარუსში რეექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.
ფაქტის მიუხედავად ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და ეჭვს გამოთქვამს, რომ საქართველო შესაძლოა სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის გამოიყენებოდეს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციის ყველანაირ სპეკულაციას წერტილი კიდევ ერთხელ დაუსვა და ეს დასტურია იმისა, რომ ქვეყანა ყველა საერთაშორისო სანქციას ზედმიწევნით ასრულებს.
როგორ აისახება ავტოიმპორტიორებზე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება – შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებს, ავტომობილების ექსპორტთან დაკავშირებით – ავტოიმპორტიორთა ასოციაციის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სერიოზულად დააზიანებს ბიზნესს, ვინაიდან რუსეთი ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველი იყო. მათივე თქმით, მსუბუქი ავტომობილები რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი საექსპორტო საქონელია.
2023 წლის ექვს თვეში, საქართველოდან რუსეთში სულ 3,786 ავტომობილი გავიდა, რომელთა ღირებულებაც 53 მილიონი დოლარი იყო. ექსპორტი წლიურად 274%-ით არის გაზრდილი.