ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული კაროლინ ვოზნიაცკია – დანიელი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი პირველად გახდა. ფინალში ის სიმონა ჰალეპს დაუპირისპირდა – მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი რუმინელი ჰალეპი აქამდე დიდი სლემის ფინალში ორჯერ გავიდა და ორივეჯერ დამარცხდა, ისევე როგორც ვოზნიაცკი.
ფინალი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, ვოზნიაცკიმ სამ სეტში გაიმარჯვა და ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ რეიტინგის სათავეში მოექცა.
ვოზნიაცკი პირველი დანიელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო. მელბურნში გამარჯვების სანაცვლოდ, ვოზნიაცკი საპრიზო თანხის სახით ოთხ მილიონ დოლარს მიიღებს.