ტრაგედია სტეფანწმინდის რაიონში. ადგილზე, სადაც დღეს დილით ვერტმფრენი ჩამოვარდა, ექსპერტები ამ წუთებშიც მუშაობენ და მოკვლევით სამუშაოებს ატარებენ. ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ეკიპაჟის ორი წევრი და სასტუმრო „რუმსის“ თანამშრომელი. გამოძიების პარალელურად მოკვლევა დაიწყო ეკონომიკის სამინისტროშიც.
„აჭარა ჯგუფის“ მფლობელობაში არსებული კომპანია „ავიატორის“ კუთვნილი ამერიკულ-კანადური წარმოების ვერტმფრენი, როგორც ირკვევა, 2018 წელს იყო გამოშვებული და ბოლო ტექნიკური შემოწმება ტრაგედიამდე ორი კვირით ადრე ჰქონდა გავლილი.
არ არის გამორიცხული, რომ კატასტროფის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ვერტმფრენის ელექტრონული მართვის კომპიუტერი ინახავდეს. მანამდე კი ყველა ვერსია განიხილება. სასტუმრო „რუმსისკენ“ მიმავალი ვერტმფრენი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს ჩამოვარდა. ფაქტის თვითმხილველი ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს იხსენებს.