ავარიული შენობის დემონტაჟი ბათუმში 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დანგრეული სახლის დემონტაჟის შემდეგ ადგილზე ახალი, დაახლოებით იგივე ზომის კორპუსი აშენდება.

ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ კორპუსის მობინადრეებთან შეხვედრაზე განაცხადა. მანამდე დაზარალებულებს მერია მათ მიერვე შერჩეული ბინების ქირის გადახდას სთავაზობს. ასევე მათ შეუძლიათ აირჩიონ ბინები მერიის საბინაო ფონდის 61 ბინიდან, რომელიც დღეს მერიამ აჭარის მთავრობას გადასცა. ქალაქის ცენტრიდან მოშორებით გადასვლის შემთხვევაში, ბინების შეფასების მიხედვით, მფლობელებს უფრო დიდი ფართის არჩევაც შეეძლებათ. ბინები მფლობელებს გარემონტებულ მდგომარეობაში ჩაბარდება, ისინი მიიღებენ ფულად კომპენსაციასაც.

ზარალი აუნაზღაურდება დაზიანებული ავტომობილების მფლობელებსაც.