აუდიტის სამსახურის შეფასებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა ფაროსანას შემოჭრისა და გავრცელების საფრთხე, თუმცა მონიტორინგის მექანიზმები ქმედითი არ აღმოჩნდა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტიანია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები და შესაძლებელი იყო თუ არა ქვეყნის ტერიტორიაზე მისი მასობრივი გავრცელების პრევენცია.
უწყების ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საქართველოში შემოჭრის გზები ოფიციალურ წყაროებში იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მავნებელი მწერი 2014 წელს სოჭში გავრცელდა და 2015 წელს აფხაზეთში გადაინაცვლა.
ორგანიზაციამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად 2016 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაგვიანებული აღმოჩნდა აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების დროული პრევენციისთვის.