„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება იქნებოდა ყველაზე ეფექტური პასუხი შავი ზღვის რეგიონში ამჟამად არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ატლანტიკურ საბჭოში გამართულ ონლაინდისკუსიაზე განაცხადა, რომლის თემაც იყო „შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება: უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მომავალი“.
დარსალიას განცხადებით, საქართველო შეშფოთებულია სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო გაძლიერებით. როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს თავის სტრატეგიას, რომლის მიზანია, რეგიონში გავლენის სფეროების გაფართოება. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მღელვარე რეგიონში საქართველო არის დასავლეთის საიმედო და უნარიანი მოკავშირე.