ატლანტიკურ საბჭოში გამართული ონლაინშეხვედრა

„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება იქნებოდა ყველაზე ეფექტური პასუხი შავი ზღვის რეგიონში ამჟამად არსებულ  საფრთხეებსა და გამოწვევებზე“ –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ატლანტიკურ საბჭოში გამართულ ონლაინდისკუსიაზე განაცხადა, რომლის თემაც იყო „შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება: უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მომავალი“.

დარსალიას განცხადებით, საქართველო შეშფოთებულია სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში  რუსეთის სამხედრო გაძლიერებით. როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს თავის სტრატეგიას, რომლის მიზანია, რეგიონში გავლენის  სფეროების გაფართოება. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მღელვარე რეგიონში საქართველო არის დასავლეთის საიმედო და უნარიანი მოკავშირე.