აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი - საქართველო აშშ-ისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია
“საქართველო აშშ-ისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია,” – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. პრესრელიზში მოყვანილია ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე რობერტ კარემის მიერ სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები.
რობერტ კარემის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის ქარტიაში გაწერილი პრინციპები კანონის უზენაესობა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დღეს საფრთხის ქვეშაა და ამის მიზეზი რუსეთის მოქმედებებია, რომელიც საერთაშორისო წესრიგს ძირს უთხრის. “რთულია არ აღფრთოვანდე იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ამდენი წინააღმდეგობების გათვალისწინებით. საქართველოს მზადყოფნა, დაიცვას საკუთარი ხალხი, ღირებულებები და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, ნამდვილად შთამბეჭდავია” – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ.
კარიმმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილზე. მან პატივი მიაგო იმ ქართველ ჯარისკაცების ხსოვნას. ვინც ავღანეთსა და ერაყში დაიღუპა. “საქართველო თავდაცვის სფეროს მოდერნიზაციითა და გატარებული რეფორმებით სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა” – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ.