აშშ-ში, შტატ კენტუკის ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ქართველი მამაკაცი, 31 წლის გ. კ. მოკლული იპოვეს.
ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით ადგილობრივი ტელევიზიები ავრცელებენ.
მედიის ცნობით, მასთან ერთად აღმოჩენილია ასევე 30 წლის მამაკაცის ცხედარიც. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლითაა მოკლული.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, გ.კ.-ს გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ განაცხადა. ქალი პოლიციას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მეუღლე შტატ ფლორიდაში, ქალაქ მაიამიში შეთანხმებისამებრ, არ შეხვდა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ შეტყობინება მიიღო, მამაკაცზე ძებნა გამოცხადდა.
სამძებრო სამუშაოებმა სამართალდამცველები მიიყვანა სახლამდე, სადაც ორი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
ამჟამად, პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილების დადგენას ცდილობს.
ამერიკულ მედიასთან საუბარში, ერთ-ერთი მოკლულის მეგობრები, ვის სახლშიც ცხედრები აღმოაჩინეს, ამბობენ, რომ მომხდარის გამო, შოკირებული არიან. მათთვის უცნობია, თუ რა კავშირი ჰქონდათ მოკლულებს ერთმანეთთან.
პოლიციის ინფორმაციით, გ.კ. ლუისვილში საცხოვრებლად ერთი თვის წინ გადავიდა. მას ორი წლის ტყუპი შვილები დარჩა.