აშშ-ს არჩევნების გავლენა საქართველოზე

გადაწყვეტილება, რომელიც თავისი რეზონანსულობით და მოსალოდნელი შედეგებით აშშ-ის საზღვრებს სცდება.

ბაიდენის მხრიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნამდეც ადგილობრივ პოლიტიკურ თუ ანალიტიკურ წრეებში გამარჯვებას ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უწინასწარმეტყველებდნენ. წინა კვირას ტრამპზე მომხდარმა თავდასხმამ არჩევნების მის სასრგებლოდ დასრულების შანსი კიდევ უფრო გაზარდა. ამერიკის მოსახლეობა საკუთარ არჩევანს ნოემბერში გააკეთებს. მანამდე კი ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის მაღალი დონის და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა – როგორ აისახება არჩევნების შედეგები საქართველოზე და „რესპუბლიკელების“ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელია თუ არა სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში ცვლილებები. ეს კითხვა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბოლო თვეებში მიღებული კანონების გამო ოფიციალური ვაშინგტონი გამაფრთხილებელი გზავნილების შემდეგ ქმედებებზე გადავიდა და საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის დაწყება დააანონსა.

გლობალურ საკითხებზე „რესპუბლიკელების“ და „დემოკრატების“ მკვეთრად განსხვავებული პოზიციებიდან გამომდინარე ქართულ პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი პროგნოზებია.