აშშ-ის სანქცია მოსამართლეების წინააღმდეგ

ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება.

ხელისუფლების რეაქცია საკმაოდ მძიმეა. თბილისიდან ვაშინგტონში წერილი იგზავნება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივანს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს, სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილების გადახედვას ელოდება. მმართველი გუნდი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძისთვის სანქციების დაწესებას ქართულ სასამართლო სისტემაზე ზეწოლად განიხილავს და ოფიციალურ ვაშინგტონს 2012 წლამდე პერიოდის მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს ახსენებს. სკანდალურია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება, სადაც ის ზეწოლისა და ჩარევების მცდელობის კონტექსტში კონკრეტულ მოთხოვნებზე და ამ მოთხოვნების ამსახველ სატელეფონო დიალოგებზე მიანიშნებს. კორუფციაში დადანაშაულებული მოსამართლეების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას და კორუფციული ფაქტების შესწავლას ითხოვს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.