შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ, „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიიღეს და იმ ცრუ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად იყენებენ“ – ვკითხულობთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. „მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ ამ კანონის მიზანია კრიტიკული ხმის გაჩუმება და საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ემსახურება მთავრობის კრიტიკულ შემოწმებას. ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საშიშ მიმართულებაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ფასეულობებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის და მათი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა გაიგონ. ჩვენ ვგმობთ ძალის გამოყენებას მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აშუქებენ აქციას. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაუშვას არაძალადობრივი აქციის გაგრძელება, რათა აქციის მონაწილეებმა გააგრძელონ თავისი გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“,- წერია განცხადებაში.