აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში მწვავე პოლიტიკური განხილვის თემად იქცა.

საუბარია დოკუმენტზე, სადაც მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული სიტუაცია არის შეფასებული. ჩვენს ქვეყანას საკმაოდ ვრცელი ნაწილი, 85 გვერდი ეთმობა. ცალკეულ სფეროებში მიღწევებთან და პროგრესთან ერთად ხაზგასმულია გამოწვევები და პრობლემური საკითხებიც. აქცენტი მართლმსაჯულებაზე და დაუსჯელობის პრობლემაზე კეთდება. ამ კონტექსტში ნახსენებია 5 ივლისის მოვლენები. საუბარია ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაზე და მოყვანილია ის განცხადებებიც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნასა და არასათანადო მოპყრობაზე მისივე თანაგუნდელების და სახალხო დამცველის მხრიდან კეთდებოდა. ხაზგასმულია სახელმწიფო აპარატის ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებულად და კონსულტაციების გავლის გარეშე მიღება და ის კრიტიკაც, რაც ამ ინიციატივას საერთაშორისო პარტნიორებისგანაც მოჰყვა. გზავნილებს ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვანაირად კითხულობს.