მოსკოვმა ვაშინგტონის ოფიციალური პასუხი მიიღო. მთავარი გზავნილი, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება და აღმოსავლეთით ორგანიზაციის გაფართოება არ შეჩერდება, წერილობით პასუხშიც ხაზგასმულია. მოსკოვის მთავარ მოთხოვნებზე დაფიქსირებული მკაფიო პოზიციის გამო, რუსეთის პირველი დიპლომატი უკმაყოფილებას ვერ მალავს. ამერიკის ელჩის მიერ გადაცემული წერილი მოსკოვისთვის „მეორეხარისხოვან თემებზე დიალოგის საშუალებაა“. ახლა საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს აშშ-ს ოფიციალური პასუხი უკრაინის საზღვართან არსებულ დაძაბულობაზე – დეესკალაცია დიპლომატიური არხებით თუ 2014 წლის სცენარის არჩევა და კიდევ ერთი ომი უკრაინის წინააღმდეგ- მთელი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგის მთავარი თემა ახლა სწორედ რუსეთიდან მოსალოდნელი თავდასხმის არდაშვებაა. რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრის მორიგმა რაუნდმა ამ მხრივ მცირე პროგრესი აჩვენა. პარიზის შემდეგ, ნორმანდიულ ფორმატში რთული მოლაპარაკებები ბერლინში გაგრძელდება.